Accessibility links

„ეროვნულმა ფორუმმა“ დატოვა კოალიცია „ქართული ოცნება“


„ეროვნულმა ფორუმმა“ დატოვა კოალიცია „ქართული ოცნება“ და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა. პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ 4 აპრილს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ გადაწყვეტილება 3 აპრილს მიიღო რიგგარეშე ყრილობაზე. კაცა შარტავამ აღნიშნა, რომ 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ წინაშე იდგა მთავარი ამოცანა, ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორება, რასაც კოალიციამ ეტაპობრივად მიაღწია საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით. კახა შარტავას განცხადებითვე, ამ პროცესში „ეროვნულმა ფორუმმა“ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და აქედან გამომდინარე, ყრილობამ კოალიციის შემადგენლობაში პარტიის ფუნქცია დღეისათვის ამოწურულად ჩათვალა. კახა შარტავას თქმით, „ეროვნულმა ფორუმმა“ პინათლად შეასრულა კოალიციის წინაშე არსებული ყველა ვალდებულება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. „პარტიის პოლიტიკური საბჭო, საპარლამენტო ფრაქცია და წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობებში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას შესაბამისი ორგანოების მორიგ არჩევნებამდე“ - განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარემ. კახა შარტავას ინფორმაციით, პარტიამ მას დაავალა საარჩევნო სიის სათავეში ყოფნა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესის საერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა. კახა შარტავასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ის და „ეროვნული ფორუმის“ კიდევ სამი წევრი, შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე დატოვებენ საპარლამენტო თანამდებობებსაც.

XS
SM
MD
LG