Accessibility links

logo-print

თბილისში გრძელდება ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი


თბილისში გრძელდება ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ნატოს და აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ. დღეს ფორუმზე განიხილება სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა ნატოს ვარშავის სამიტის წინ და მის შემდგომ. ფორუმზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება და საზოგადოება შეთანხმებულია მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რომ ქვეყანა უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ხელოვნურად და ძალით მოწყვიტეს. „მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში - ჩვენ გვინდა ვარშავის სამიტმა ამ მთავარ გზავნილზე გასცეს ხელშესახები, რეალური პასუხი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საქართველოს ამოცანაა ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ქვეყანა იყოს გაცილებით ძლიერი, ვიდრე დღეს არის. „უელსში მიღებული ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი შესაძლებლობების გაზრდის დასაწყისია, თუმცა არ არის საკმარისი. ჩვენი ამბიციები გაცილებით უფრო დიდია და ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს უელსის სამიტის შემდეგ დარჩენილ ძირითად კითხვებს - პასუხისმგებლობის საკითხს ურთიერთობებში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG