Accessibility links

logo-print

თბილისის დელეგაცია მონაწილეობს კრაკოვში ადგილობრივი მთავრობების კონგრესში


თბილისის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის, საკრებულოს წევრებისა და მერიის წარმომადგენლების შემადგენლობით, მონაწილეობას იღებს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში. თბილისის დელეგაციის წევრებმა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ნარჩენების დამუშავების აპრობირებული მეთოდები და გარემოს დაბინძურების რისკების შემცირება; სპორტი, როგორც რეკლამისა და მარკეტინგის, მათ შორის, ტურისტული ნაკადის მოზიდვის საშუალება; ასევე, ტრანსპორტი და მობილურობა თანამედროვე მუნიციპალიტეტებში; საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები. 6 აპრილს კონგრესზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და პარტნიორ რეგიონთა თანამშრომლობის კუთხით თვითმმართველობების როლზე ისაუბრა. კონგრესის ფარგლებში, სხვა ქალაქების მსგავსად, მოეწყო თბილისის სტენდი, სადაც, სტუმრებს, ტურისტული გზამკვლევების, თბილისისმარშრუტების, საინვესტიციო კატალოგებისა და სხვა საინფორმაციო ბროშურების გაცნობის გარდა, საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ყველი და ჩირის ნაირსახეობა. ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესი ქალაქ კრაკოვში 6 აპრილს დასრულდება. კონგრესის ორგანიზატორია პოლონეთში დაფუძნებული „აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი“.

XS
SM
MD
LG