Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა შსს-ს და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე. პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატმა დავით აბესაძემ იმით ახსნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არსებითად დაირღვა, როცა გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადიციიდან 48 საათის განმავლობაში არ განხილულა მისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხი. თავის მხრივ, პროკურორმა დავით ნეფარიძემ განმარტა, რომ გიორგი დგებუაძეს აღკვეთის ზომად პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეფარდებული ჰქონდა და რადგან საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, სავალდებულო აღარ იყო აღკვეთის ღონისძიების დადასტურება. პატიმრობიდან გიორგი დგებუაძის გათავისუფლების შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი დარახველიძემ იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ბრალდებული იმალებოდა და გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა. მოსამართლემ დასაბუთებულად მიიჩნია ბრალდების მხარის ვარაუდი, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დგებუაძე თავს აარიდებდა მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას, მოახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და მტკიცებულებების განადგურებას. შსს-ს და სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის იანვარში, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ნიდერლანდიდან საქართველოში დგებუაძის ექსტრადიცია 22 მარტს განხორციელდა.

XS
SM
MD
LG