Accessibility links

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების თარიღის შეცვლას არ აპირებენ


საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის დასახელებას წინასწარ გამოცხადებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კონსულტაციის და პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად მსჯელობის შედეგად მიიღეს. „ცუდი არავისთვის იქნება წინასწარ დაგეგმოს აქტივობა, მათ შორის სტუმრებს სჭირდებათ თავისი კალენდრის დაგეგმვა და იმაში, რომ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, მე მგონი, კარგის მეტი არაფერია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ამჟამად გადასაწყვეტია არჩევნების დანიშვნის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ კამპანიის დაწყების ტექნიკური და ფინანსური საკითხები. „ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადავიხადოთ მარტო იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი, კითხვის ნიშანს არავისთვის არ უნდა იწვევდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის დასახელება განაპირობა იმანაც, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. „თუ არჩევნების თარიღს ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით, მეორე ტურამდე მისვლას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება და შესაძლოა, ეს პრობლემა იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით, ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო 8 ოქტომბერი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩართულობით მიმდინარეობს მსჯელობა ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე. პრემიერის თქმით, კუნსულტაციების შედეგად გაირკვევა, როდის გამოქვეყნდება გადაწყვეტილება და როდის ჩაირთვება ფინანსური ხარჯების ე.წ. მრიცხველი. „მეორე მხრივ, არ შეიძლება ქვეყანამ შვიდი და რვა თვე იცხოვროს საარჩევნო კამპანიის რეჟიმში. ამიტომ, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი ველი დამატებითი მსჯელობისთვის არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის, 8 ოქტომბრის შეცვლას არ აპირებენ, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია სერიოზული მსჯელობის და აწონ-დაწონვის შედეგად. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, იურიდიული და ტექნიკური ფორმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განცხადებებს ადმინისტრაციები გაავრცელებენ.

XS
SM
MD
LG