Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს დუბაის საინვესტიციო ფორუმში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფება დუბაიში, სადაც ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოს ლიდერთა დისკუსიაზე გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე, სატრანზიტო პოტენციალსა და ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიმარტივეზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2014 წელს საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 80%-ით გაიზარდა და 1,75 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა ბიზნესზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ, უწყვეტმა რეფორმებმა, მტკიცე საგარეო-სავაჭრო ურთიერთობებმა და საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ხელსაყრელია საქართველოში ინვესტირება.“მნიშვნელოვანია საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ქვეყნის მაღალი შედეგები სხვადასხვა ბიზნესრეიტინგში და დაბალი გადასახადები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, გადასახადების სიმსუბუქის კუთხით ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან დუბაის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს აცნობა, რომსაქართველოს მთავრობა იწყებს ახალ რეფორმებს, რომელთა მიზანიაქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეფექტიანი მმართველობა, განათლების სისტემის რეფორმირება და ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა უახლოეს ხანში განსახორციელებელ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რაც გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. პრემიერ-მინისტრმა დუბაის ფორუმის მონაწილეებს ასევე აცნობა, რომ ახლახან საქართველომ დააარსა ინვესტორთა საბჭო, რომელიც აერთიანებს ყველა მსხვილ ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG