Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: ეკონომიკური პრობლემები დესტაბილიზაციით ემუქრება დიქტატურებს


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, ეკონომიკური პრობლემები დესტაბილიზაციით ემუქრება დიქტატურებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ეს შეფასება გამოთქმულია ორგანიზაციის ანგარიშში „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში,“ რომელიც ასახავს ვითარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთის და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანაში 2015 წელს დემოკრატიის განვითარების კუთხით. „ფრიდომ ჰაუსი“ ყველაზე მძიმედ მიიჩნევს ვითარებას შვიდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელთა სათავეშიც დიქტატორები დგანან. ეს ქვეყნებია რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. ანგარიშში ვკითხულობთ ასევე, რომ ევროპაში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისი ხელს უწყობს პოპულისტების აღზევებას აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ბალკანეთში რეფორმები უკუსვლას განიცდის. დემოკრატიის განვითარებით მხრივ, საქართველო მე-17 ადგილზეა სულ 29 ქვეყანას შორის. მას 4,61 ქულა აქვს, რაც ნიშნავს მაჩვენებლის 0,03 ქულით გაუმჯობესებას 2014 წელთან შედარებით. ქვეყნების საერთო ქულა განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმით. მათ შორის არის საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დემოკრატიული მმართველობა და კორუფცია. საუკეთესო შეფასება 1, ყველაზე ცუდი კი 7 ქულაა.

XS
SM
MD
LG