Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში შიმშილობის აქციას განაგრძობს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი პროფესორი


თბილისში შიმშილობის საპროტესტო აქციას განაგრძობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი პროფესორი. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მესამე ვადით არჩეული რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის, კანცლერისა და საბჭოს წევრთა ნაწილის გადადგომას. მოშიმშილე პროფესორთა განცხადებით, მესამე ვადით რექტორის არჩევა უმაღლესი განათლების კანონის დარღვევაა. „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აქციის მხარდამჭერ გოდერძი ტყეშელაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება და მოშიმშილეებს ყოველდღე შეუერთდება თითო პროფესორი. ტყეშელაშვილის მტკიცებით, მოშიმშილეთა მოთხოვნებს იზიარებს უნივერსიტეტის ლექტორთა 95%, თუმცა, რექტორის მხრიდან ზეწოლის გამო, თავიანთ პოზიციას ისინი საჯაროდ არ გამოხატავენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ქოქრაშვილმა უარყო პროფესორებზე ზეწოლის არსებობა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, არჩევნები კანონიერად ჩატარდა და არჩილ ფრანგიშვილს ლეგიტიმურად უკავია რექტორის თანამდებობა. ქეთევან ქოქრაშვილის თქმით, მმართველი სუბიექტების არჩევნებისას გათვალისწინებული იყო როგორც უმაღლესი განათლების კანონი, ისე უნივერსიტეტის წესდება.

XS
SM
MD
LG