Accessibility links

პრემიერმა შენიშვნებით დააბრუნა არჩევნების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს "მოტივირებული შენიშვნებით" დაუბრუნა განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ. პრემიერი პრეზიდენტს სთხოვს წლევანდელი არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის განკარგულება კონტრასიგნაციისთვის გაუგზავნოს 2016 წლის 8 ივლისისთვის. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების თარიღი, 8 ოქტომბერი პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად განსაზღვრეს, თუმცა შეიქმნა გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციისგან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება და საყვედური გამოითქვა პარტიების და არასამთავრობო სექტორის მხრიდან. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იმის გამო წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება თუ პრეზიდენტი განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ შემთხვევაში თავიდან იქნება აცილებული ყველანაირი გაუგებრობა და სხვადასხვა ინტერპრეტაცია. საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის განკარგულებები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონტრასიგნაციისთვის 6 აპრილს გაუგზავნა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. ამასთან, პრეზიდენტმა მიუთითა, რომ მისი განკარგულებები ძალაში შევიდოდა 2016 წლის 8 აგვისტოს. ეს დათქმა საარჩევნო კოდექსთან შეუსაბამოდ შეაფასეს არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, დოკუმენტი მოტივირებული შენიშვნებით პრეზიდენტისთვის დაებრუნებინა.

XS
SM
MD
LG