Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით თვალაბეიშვილი: მიწისქვეშა გაზსაცავი აამაღლებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას


საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიში წარმოადგინეს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანიის, „ჯეოსტოკის“ მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, დადასტურებულია სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს ბაზაზე 210-280 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობა. ანგარიშში წარმოდგენილია პროექტის სტრატეგიული დანიშნულებისა და კომერციული მიზანშეწონილობის უზრუნველყოფის პირობები და განხილულია ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა. ანგარიში შეიცავს მშენებლობის დაწყებამდე დამატებითი კვლევის ჩატარების რეკომენდაციასაც. ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის გაზმომარაგების დაუგეგმავი შეწყვეტის და სეზონური დისბალანსის დროს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, კრიტიკულ სიტუაციებში უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას და შეამცირებს მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს. დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც ამჟამინდელი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ია.

XS
SM
MD
LG