Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სარგებელი მოაქვს გაზსაცავს


2016 წლის ბოლომდე საქართველოში დაიწყება პირველი გაზსაცავის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა. როგორც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, უკვე დასრულდა მუშაობა გაზსადენის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტზე. რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არა აქვს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის როგორც გაზის მიწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, ასევე მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის გამო.

საქართველოში პირველი გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე, აშენდება. მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიში მოამზადა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანია „ჯეოსტოკმა“, რომელთანაც ხელშეკრულება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 2015 წლის ივნისში გააფორმა. კორპორაციისგენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის თქმით, გაზსაცავის პროექტი ორ ფაზად განხორციელდება:

„პირველი ფაზა დაიწყება წელს ზაფხულშივე და გულისხმობს დამატებითი გეოლოგიური ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც საჭირო იქნება საბოლოოდ საინჟინრო პროექტის შესამუშავებლად, რომლის საფუძველზეც უნდა აშენდეს საცავი. მეორე ეტაპი გულისხმობს ჭაბურღილების გაბურღვას საბადოზე და ეს ფაზა, დაახლოებით, 12-15 თვეში დასრულდება. ამის შემდეგ მშენებელი კომპანია ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ააშენებს გაზსაცავს“.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, რომ მიწისქვეშა გაზსაცავის აშენებით საქართველოს გაუჩნდება ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვი. როგორც გაზსაცავის პროექტის კოორდინატორი და კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, რეგიონის ყველა ქვეყანას, საქართველოს გარდა, აქვს ასეთი საცავი.

„მეტიც, ჩვენს რეგიონში ასეთი 47 გაზსაცავია, რომლებიც განთავსებულია ირანში, აზებაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და თურქეთში. საცავის მშენებლობის მიზანია სტრატეგიული რეზერვის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება მოსახლეობისა და ენერგეტიკული ობიექტებისათვის გაზმომარაგების უწვეტად მიწოდებისთვის ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული ავარია, პოლიტიკური საბოტაჟი ან კონფლიქტი“, უთხრა რადიო თავისუფლებას თემურ გოჩიტაშვილმა, რომლის თქმით, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს სასარგებლო მოცულობა 210-280 მილიონი კუბური მეტრია, აშენების დადგემილი ვადა კი - 2020 წლის მეორე ნახევარი.

რეზერვურად შერჩეული დაცლილი საბადოს ფორებსა და ნაპრალებში, სადაც ამოღებამდე ნავთობი იყო, ზემოდან დაიჭირხნება ბუნებრივი აირი. ამასთან, როგორც თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, გაზსაცავს ააშენებს კორპორაცია თავის სახსრებითა და მოზიდული ინვესტიციებით, თუმცა საკონტროლო პაკეტი ყველა შემთხვევაში დარჩება ქართულ კომპანიას - იქნება ეს თავად კორპორაცია ან მის მიერ დაარსებული შვილობილი კომპანია, რომელიც განახორციელებს სტრატეგიული რეზერვის განკარგვას. თემურ გოჩიტაშვილის თქმით, აქამდე გაზსაცავის მშენებლობას ორი ძირითადი ფაქტორი აფერხებდა: პოლიტიკური ნების არარსებობა და დაფინანსების სიმწირე:

„დღეს არსებობს პოლიტიკური ნება, მათ შორის, ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან, მათ შორის, არსებობს დაფინანსების რეალური საშუალება. თუ გაჭირდა, ჩვენს კორპორაციას აქვს საშუალება საკუთარი სახსრებით დააფინანსოს, თუმცა პროექტში ჩართვის მსურველიც ძალიან ბევრია (მათ შორის, ევროპული ბანკები, საფინანსო ინსტიტუტები, ევროპის საინვესტიციო ბანკი, KFW, ჩინური ბანკები, აზერბაიჯანული SOCAR-ი და ა.შ.), რომლებიც თავიანთი დაფინანსებით მოდიან მონაწილეობის მისაღებად. მოკლედ, ეს ორი პრობლემა იყო: დაფინანსების დეფიციტი და გამოკვეთილად არარსებობა პოლიტიკური ნებისა“.

გაზსაცავის მშენებლობას მართლაც აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კომპონენტები. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, გაზსაცავის - უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის - მშენებლობით საქართველოს ენერგომომარაგება ბევრად უფრო სტაბილური გახდება:

„ჩვენს მოსახლეობას დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან არაერთხელ შეჰქმნია პრობლემები და დისკომფორტი გაზმომარაგების დისკომფორტის კუთხით. სამწუხაროა, რომ ორ ათეულ წელზე მეტია ეს პრობლემა მუდამ დგას დღის წესრიგში და დღემდე ვერ მოხერხდა ამ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის დაწყება და ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება. ნებისმიერ დამოუკიდებელ და ეკონომიკურად მზარდ ქვეყანას აქვს გაზსაცავი, რომელიც მისი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია“.

ენერგეტიკის მინისტრის ამ აზრს სავსებით იზიარებს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე, რომლის თქმითაც, მშენებარე რეზერვუარის მოცულობა საქართველოს წლიური მოხმარების 15 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება გაზსაცავის მშენებლობასა და ბუნებრივი აირის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების გავლენას ბუნებრივი აირის საფასურზე, როგორც გაზსაცავის პროექტის კოორდინატორმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ გოჩიტაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ახალ ფასს დაადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია:

„გაზსაცავის ოპერატორი კომპანია არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული საწარმო. ტარიფი იქნება დაფუძნებული შენახვის დანახარჯებზე, რაც სრულიად უმნიშვნელოდ გაზრდის მთლიან ტარიფს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საცავში მოთავსებული გაზის ფასი შეიცვლება უმნიშვნელოდ. მნიშვნელოვნად შეიცვლება, მაგრამ ამის წილი მთელი ქვეყნის გაზმომარაგების მოცულობაში იქნება ძალიან მცირე. შესაბამისად, სარეზერვო გაზის მიერ შეტანილი ფასთასხვაობა იქნება ძალიან უმნიშვნელო“.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარი დაჯდება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG