Accessibility links

კვირიკაშვილი: სასამართლოს რეფორმა ყველაზე დიდი თავის ტკივილია


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ”ჩვენი მთავარი გამოწვევაა შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონ და უსაფრთხო პირობებში შეძლონ დამატებითი შემოსავლების მიღება და საკუთარი ოჯახების უკეთესად უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დავძლიოთ ეს გამოწვევები”. პრემიერმა შეკითხვაზე სასამართლოს შესახებ, თქვა, რომ „ვფიქრობ, რომ რეფორმები ბოლომდე მიყვანილი არ არის, არც პროკურატურის რეფორმაა ბოლომდე მიყვანილი, არც სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა და მით უმეტეს არ არის ბოლომდე მიყვანილი სასამართლო რეფორმა. სასამართლოს რაც შეეხება, ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, არ დაგიმალავთ, ვინაიდან განცდა, რომელიც სასამართლოს შემთხვევაში არის და რომელიც საზოგადოებაში არის, მეც მაქვს. მეც გამაჩნია განცდა, რომ ამ მიმართულებით რაღაც არის შესაცვლელი. სამწუხაროდ, მე არ მქონია საკმარისი დრო, რომ სიღრმეებში ჩამეხედა ამ მიმართულებით. მე მაქვს აქტიური განხილვა სასამართლო რეფორმის”, - განაცხადა პრემიერმა, რომელიც შეეხო რუსეთთან ურთიერთობას: ”ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ტემპერატურის დაწევა. შევძელით, რომ დღეს არ გვაქვს იმ დონის დაძაბულობა, რაც იყო. მიუხედავად ოკუპაციისა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად, ჩვენ ეს შევძელით დიალოგების ფორმატების მეშვეობით. ჟენევის ფორმატი რჩება უმთავრეს ფორმატად, ასევე შევქმენით ახალი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მე მგონია, რომ შედეგი არის სახეზე. ყოველ შემთხვევაში დღეს გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რაც საშუალებას იძლევა ქვეყნის უფრო სწრაფი, დინამიური განვითარების, ეს არ მომხდარა არც ერთი მცირეოდენი კომპრომისის ან დასავლური ორიენტირების ხარჯზე. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ქვეყნისთვის და მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია". პრემიერმა ბიძინა ივანიშვილთან თავისი ურთიერთობის შესახებ განაცხადა, რომბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის, აღნიშნა პრემიერმა და განმარტა, რომ ”ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება, ალბათ, ყველაზე კარგად ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, კიდევ არაერთ სასიკეთოს გააკეთებს“.

XS
SM
MD
LG