Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისაკენ მოუწოდა


საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე აქტივისტებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ პროტესტის გამო უნივერსიტეტის ზოგიერთ კორპუსში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. „სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ. სამწუხაროა, რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული ზოგიერთ კორპუსში. მე ვთხოვე, შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაზეც ვისაუბრე. თუ ისინი გაიზიარებენ ჩვენ თხოვნას, ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ის შეხვდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც და მცირეხნიან შეხვედრაზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. სტუდენტებს მესამე დღეა პიკეტირებული აქვთ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი და განათლების სამინისტროსაგან კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები; ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG