Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალის გასაღების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ურანის გასაღების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. მათ შორის სამი სომხეთის მოქალაქეა და სამი - საქართველოს.
უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას აპირებდნენ 200 მილიონ აშშ დოლარად. ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.
ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით. ”რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ”,- აცხადებენ სუს-ში. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

XS
SM
MD
LG