Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს შესაძლო შეთანხმებაზე სავჩენკოს გასათავისუფლებლად


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ კიევი და მოსკოვი შეთანხმდნენ შესაძლო გეგმაზე უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს გასათავისუფლებლად. სავჩენკოს რუსეთში 22 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ორი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებით, რომელსაც ის გადაჭრით უარყოფს. როგორც პოროშენკომ 19 აპრილს განაცხადა, ის და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი, წინა დღეს ტელეფონით საუბრის დროს შეთანხმდნენ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელს ხდის სამშობლოში სავჩენკოს დაბრუნებას. პოროშენკოს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 18 აპრილს, უკრაინის სასამართლომ 14-14 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის ორ მოქალაქეს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან ერთად ბრძოლის ბრალდებით. ამის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ კარი გაეხსნა პატიმრების გაცვლას უკრაინასა და რუსეთს შორის. 18 აპრილს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ცოტა ხანში, კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს უკრაინაში გასამართლებული ორი რუსის, ალექსანდრ ალექსანდროვის და ევგენი ეროფეევის, ისევე როგორც რუსეთში დაპატიმრებული ნადია სავჩენკოს ბედზე.

XS
SM
MD
LG