Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოსა და რუსეთის ელჩების შეხვედრამ კვლავ ცხადჰყო „სერიოზული უთანხმოებები“


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსისა და რუსეთის წარმომადგენლების „გულახდილმა“ დისკუსიამ, რომელიც 20 აპრილის შეხვედრის დროს გაიმართა, კვლავ დაადასტურა „სერიოზული უთანხმოებები“ ორ მხარეს შორის. სტოლტენბერგის ეს განცხადება მოჰყვა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ. „შეხვედრის დროს განვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი თემა: კრიზისი უკრაინაში და მის გარშემო; სამხედრო აქტივობასთან, გამჭვირვალობასთან და საფრთხეების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები და ის, თუ როგორ უნდა შეფასდეს ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება - რეგიონში ტერორისტული საფრთხეების ჩათვლით. გვქონდა გულახდილი და სერიოზული დისკუსია. ნატოელ მოკავშირეებსა და რუსეთს ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ერთმანეთს მოვუსმინეთ, რა გვქონდა სათქმელი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. იუწყებიან ასევე, რომ ნატოს დიპლომატებმა გამოთქვეს შეშფოთება გასულ კვირაში მომხდარი ორი ინციდენტით, რომელშიც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. მათ ახლოს ჩაუფრინეს შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს და თვითმფრინავს. ნატომ 2014 წლის აპრილში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გააუქმა მოსკოვთან ტექნიკურ საკითხებზე თანამშრომლობა. ამის შემდეგ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა, 2014 წლის ივნისში. თუმცა, ამ პერიოდში სტოლტენბერგი რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს.

XS
SM
MD
LG