Accessibility links

logo-print

სამხრეთ ბალკანეთის სახელმწიფოები შეთანხმდნენ მიგრანტთა საკითხის კოორდინაციაზე


საბერძნეთის, მაკედონიის, ალბანეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ე.წ. „ბალკანეთის მარშრუტის“ კოორდინაციის საქმეში. ამ მარშრუტს მიგრანტები ჩრდილოეთ ევროპაში ჩასვლისთვის იყენებენ. „მოვახდენთ ძალისხმევის კოორდინირებას და ვეცდებით თავიდან ავირიდოთ პრობლემის იმგვარი გადაწყვეტა, რომელიც ერთ რომელიმე ქვეყანას დააწვება ტვირთადო“, განაცხადა მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლა პოპოსკიმ 22 აპრილს, საბერძნეთში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ. 2015 წელს თურქეთიდან საბერძნეთში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა ნავებით და შემდეგ ფეხით განაგრძო გზა, მაკედონიის გავლით ავსტრიისკენ, ევროკავშირის ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნებში მოხვედრის მიზნით. მაგრამ წელს ეს გზა ჩაკეტეს - ავსტრიის მთავრობის მიერ შემოღებულმა გამკაცრებულმა ზომებმა დომინოს ეფექტი იქონია საზღვრების ჩაკეტვაზე, საბერძნეთ-მაკედონიის საზღვრის ჩათვლით, რის გამოც ათასობით მიგრანტი უმძიმეს პირობებში დარჩა საბერძნეთის ქალაქ იდომენიში. ამ კვირაში გამართულ მოლაპარაკებებზე მეზობელი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად უნდა იზრუნონ ყველაზე დაუცველ მიგრანტებზე, მაგალითად მშობლების გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნებზე და უფრო აქტიურად უნდა შეებრძოლონ ადამიანების ტრეფიკინგს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს კოტზიასის თქმით, კოორდინაციის მექანიზმი ექვს თვეში სრულად იქნება ამოქმედებული.

XS
SM
MD
LG