Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი განაგრძობს სამუშაო ვიზიტს აშშ-ში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განაგრძობს სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში გაიმართა გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებთან, ტედ პოსა და ჯერალდ კონოლისთან. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესმენებთან შეხვედრის დღის წესრიგში იყო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში განვითარებული მოვლენები. "ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის გეგმებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე, საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობაზე, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე და იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იდგეს საქართველოს გვერდით“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა ტედ პომ. მისი თქმით, აშშ-მა უნდა განაგრძოს ეკონომიკურ საკითხებზე საქართველოსთან მოლაპარაკებები და განამტკიცოს სავაჭრო ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს და სენატორს ბენ კარდინს. მათი შეფასებით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. სენატორების განცხადებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. 26 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს.

XS
SM
MD
LG