Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საელჩო საქართველოში უარყოფს ტერიტორიის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას


თურქეთის საელჩომ საქართველოში უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მიერ თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემის შესახებ. ”თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა რაიმე ტერიტორიის გაცვლა და ამ დღეებში მხოლოდ სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით გაიმართა შესაბამისი უწყებების ტექნიკური ხასიათის შეხვედრა“ - განაცხადა თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. მან აღნიშნა, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვარი 1970 წელს დადგინდა, რაც მხარეებმა აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას. ელჩის თქმით,საქართველო-თურქეთს შორის არანაირი სასაზღვრო პრობლემა არ არსებობს და არსებულ მდგომარეობას კარგად გამოხატავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება. 27 აპრილს, სამინისტრომ უარყო თურქული პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველომ თურქეთს გადასცა სასაზღვრო ტერიტორიის ნაწილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველოსა და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია დასრულდა საბჭოთა პერიოდში, 1992 წელს მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი და აქედან გამომდინარე, საზღვრის შესაცვლელად რაიმე სახის მოლაპარაკება და შეთანხმება გამორიცხულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე, ჯაყისწყალსა და ქარზამეთისწყალზე მიმდინარეობს სამუშაოები ბუნებრივი პირობების შედეგად შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად.

XS
SM
MD
LG