Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სტუმრობს აშშ-ისა და ნატოს სამხედრო დელეგაცია


საქართველოში იმყოფება აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპაში ამერიკული ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსნები გაეცნენ ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს და საქართველოს მაღალი სტანდარტის ლოგისტიკურ მომსახურებას, რომელსაც ქვეყანა ორმხრივი და საერთაშორისო ღონისძიებისთვის სთავაზობს ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს. დელეგაციასთან ერთად ბათუმის საზღვაო პორტში იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ბათუმის პორტში ვიზიტისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში, მაისში დაგეგმილი სწავლებისთვის ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოყვანაზე. „საქართველოში ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოტანა“ - განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა. მისივე თქმით, ერთობლივი სამხედრო წვრთნისთვის „ღირსეული პარტნიორი,“ ბათუმის პორტში შევა ბულგარეთიდან ბორნით წამოსული აშშ-ის არმიის სატანკო ასეული. „ჩვენ ასევე, ჩამოვედით საქართველოში, რათა ვაჩვენოთ ქვეყანას და ჩემს კარგ მეგობარს და ძალიან კარგ სამხედროს, გენერალ კაპანაძეს, რომ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას და მუშაობას ურთიერთთავსებადობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ევროპაში ამერიკული ძალების სარდალმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა. საქართველოს შემდეგ სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაცია საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს შავი ზღვის აუზში მდებარე, ნატოს წევრ ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG