Accessibility links

logo-print

იენს სტოლტენბერგი: მზად უნდა ვიყოთ „შეკავების პოლიტიკის“ გასატარებლად


ევროპული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის ქმედებებზე „დამაჯერებელი შემაკავებელი ფაქტორების საშუალებით“ უნდა რეაგირებდეს, რაც ბალტიისპირეთში ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს. „მოსკოვმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში და არღვევს საერთაშორისო სამართალს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაფართოებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ამჟამად განიხილება გეგმა, რომლის თანახმად, ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანასა და პოლონეთში გაიგზავნება საერთაშორისო ბატალიონი, რომელიც როტაციული პრინციპით იმოქმედებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრ ქვეყნებში ივლისში ვარშავის სამიტზე მიიღებენ. იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრზე აპირებდეს თავდასხმას. „თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის სრული სოლიდარობა უზრუნველვყოთ და, ამავდროულად, გავატაროთ შეკავების პოლიტიკა“. მისივე თქმით, ნატოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია ან ცივი ომის განმეორება.

XS
SM
MD
LG