Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გენერალურმა აუდიტმა იმერეთის მუნიციპალიტეტებში დარღვევები გამოავლინა


ქუთაისი
ქუთაისი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს ბიუჯეტის მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯვისკენ მოუწოდებს. საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ბაღდათის, ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტის დასკვნით, ხარვეზებია სახელმწიფო შესყიდვების კანონისა და სახელშეკრულებო პირობების დაცვის კუთხით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმერეთის ექვს მუნიციპალიტეტში შესყიდვების კანონის დარღვევით 13 მილიონ ლარზე მეტი თანხაა ანაზღაურებული, 11 მილიონ ლარზე მეტია გახარჯული ფაქტობრივი დანახარჯების დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, კანონის დარღვევით ნახევარ მილიონ ლარამდეა დახარჯული საკრებულოს წევრების ანაზღაურებაზე და 40 მილიონ ლარამდეა დახარჯული ააიპებისა და შპს-ების დაფინანსებაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, სამსახურმა იმერეთის მუნიციპალიტეტებში გამოავლინა სხვადასხვა სახის დარღვევა, რომელთა მიზეზი პროექტებისა და სამუშაოების არასწორი დაგეგმვა და მენეჯმენტია. ლაშა თორდია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაბარება და მათთვის გადახდილი თანხა არამიზნობრივი და არაეფექტურია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ექვს მუნიციპალიტეტს შორისაა ხარაგაული, სადაც ხარვეზები გამოვლინდა და გენერალურმა აუდიტმა მუნიციპალიტეტს 28 შენიშვნა გაუგზავნა. აუდიტის დასკვნების ნაწილს არ ეთანხმება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი. რომლის განცხადებითაც, მუნიციპალიტეტი გაითვალისწინებს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს, კანონის დაცვის კუთხით, იმ შენიშვნებს კი, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების დასასრულებლად შემსრულებელი კომპანიებისთვის ვადის გაგრძელებას ეხება, კობა ლურსმანაშვილი არ ეთანხმება.

კობა ლურსმანაშვილისავე განცხადებით, აუდიტის სამსახურის დასკვნით, არამიზნობრივია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სათნოების სახლის შესაძენად გახარჯული თანხა, თუმცა მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკვებად ფართის შეძენას მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები უკვე მიმდინარე წელს გაითვალისწინებენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებში სწორი ადმინისტრირების პირობებში შესაძლებელი იყო თანხების ხარჯვა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG