Accessibility links

logo-print

ხადიჯა ისმაილოვამ გაეროს პრესტიჟული პრემია მიიღო


მსოფლიოში პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, გაეროს პრესტიჟული პრემია მიიღო დაპატიმრებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ, „რთულ ვითარებაში პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის“. ისმაილოვასთვის განკუთვნილი პრემია დედამისს გადასცეს. 3 მაისს ჰელსინკიში, პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობისას, ტელეკომპანია სი-ენ-ენის კორესპონდენტმა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩმა, ქრისტიან ამანპურმაც მოითხოვა ხადიჯა ისმაილოვას დაუყოვნებლივ გათავისუფლება: „მას ბრალად სდებენ თაღლითობას, გადასახადებისათვის თავის არიდებას, თავისი პოზიციით ბოროტად სარგებლობას, რისთვისაც შვიდნახევარი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. დღეს ის 516-ე დღეა ციხეში და აქ ამ სცენიდან პირადად მე მოვუწოდებ - და ვფიქრობ ბევრი თქვენგანი შემომიერთდება - მოვუწოდებ აზერაბიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ხადიჯა ისმაილოვა“. გამომძიებელი ჟურნალისტი, ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა გასულ თვეში შეარჩიეს "იუნესკოს" გუილერმო კანოს სახელობის პრესის თავისუფლების პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის. პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო, 25 ათასი დოლარი. გუილერმო კანო ისასა - კოლუმბიელი ჟურნალისტი, რომლის სახელსაც პრემია ატარებს - 1986 წლის 17 დეკემბერს ბოგოტაში, თავისი გაზეთის რედაქციის წინ მოკლეს. ის ცნობილი იყო მაფიის მიმართ კრიტიკული სტატიებით. ხადიჯა ისმაილოვა კი აზერბაიჯანში დააპატიმრეს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჟურნალისტ ქალს დევნიან აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციის შესახებ რეპორტაჟებისათვის.

XS
SM
MD
LG