Accessibility links

logo-print

ტრამპს ცოტაღა აკლია კანდიდატად ნომინაციისათვის საჭირო ხმების მოპოვებამდე


ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს ცოტაღა აკლია პრეზიდეტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის საჭირო ხმების მოპოვებამდე მას შემდეგ, რაც საკვანძო მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა ინდიანის შტატში. ამ შტატში 3 მაისის შიდაპარტიული არჩევნების შედეგად, მან მოიცილა მთავარი კონკურენტი - სენატორი ტედ კრუსი, რომელიც ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, რეინს პრეიბუსმა, ტრამპი გამოაცხადა პარტიის „სავარაუდო ნომინანტად“ და ტვიტერით გაავრცელა მოწოდება ყველა რესპუბლიკელის მიმართ, გაერთიანდნენ ჰილარი კლინტონის დასამარცხებლად. თავის მხრივ, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინაციისათვის მებრძოლ კლინტონსაც ცოტაღა აკლია ნომინაციამდე მიუხედავად იმისა, რომ ინდიანის შტატში დამარცხდა. გამარჯვება ერგო ბერნი სანდერს. მაგრამ უკვე კლინტონის მხარეზეა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის საჭირო დელეგატების 92%.

XS
SM
MD
LG