Accessibility links

საქართველოს მთავრობა ქმნის საფინანსო ინსტიტუტს დამწყები ბიზნესის დასაფინანსებლად


საქართველოს მთავრობა ქმნის საფინანსო ინსტიტუტს დამწყები ბიზნესის დასაფინანსებლად. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. სტარტაპების დაფინანსება რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა. პრემიერის ინფორმაციით, ახალი საფინანსო ინსტიტუტი ფუნქციონირებას ერთ თვეში დაიწყებს ოქროყანაში მდებარე ინოვაციების და ტექნოლოგიების პარკში. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარე იქიდან, რომ საშუალებას იძლევა დამწყებმა ბიზნესმა და ახალმა, ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში პირველად ხდება ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად, ინოვაციური პოტენციალის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიმართულებამ შეიტანა გარდატეხა ბევრი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, საქართველო კი ამ მხრივ იწყებს პირველი ნაბიჯის გადადგმას. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ახალი ინსტიტუტი დაფინანსდება „საპარტნიორო ფონდის“ და „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მეშვეობით, მისი საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, საბოლოოდ კი 35 მილიონამდე გაიზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის განმავლობაში ჩატარდება დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის რამდენიმე ეტაპი, ახალი საფინანსო ინსტიტუტის მუშაობაში კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებიც.

XS
SM
MD
LG