Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩაიტანეს ამერიკული მძიმე ტექნიკა ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობისთვის


საქართველოში ჩაიტანეს ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მაისში დაგეგმილ ერთობლივ წვრთნაში „ღირსეული პარტნიორი.“ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ფოთის პორტიდან ეშელონებით დაიძრა ვაზიანის მიმართულებით. აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, შავ ზღვაზე მდებარე ვარნის პორტში დაიტვირთა ბორანზე, რომელმაც საქართველოსკენ გეზი 2 მაისს აიღო. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს მზადყოფნის ამაღლებას ქართული ასეულისა, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთვება. ერთობლივი წვრთნის სცენარი ემყარება სტაბილურობის და შეტევა-თავდაცვის ოპერაციებს. ერთობლივ სწავლებაში, რომელიც ვაზიანის სამხედრო პოლიგინზე გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, სწავლებისას გამოიყენებენ „აბრამსის“ ტიპის ამერიკულ ტანკებს. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავიც. ერთობლივი სწავლება 11 მაისს ოფიციალურად გაიხსნება და 26 მაისამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG