Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცილევიჩსი და ლუნდგრენი აქებენ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, ბორის ცილევიჩსმა და კერსტინ ლუნდგერნმა მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას, ვენეციის კომისიას გაუგზავნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი, ვიდრე ამ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ საქართველოს პარლამენტში. ეს შეფასება გამოთქმულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში, რომელიც 10 მაისს გავრცელდა. ცილევიჩსი და ლუნდგრენი გამოთქვამენ იმედს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება გაანელებს შიშს, რომ ცვლილებების შედეგად შესაძლოა ხელი შეეშალოს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებას. ამავე პრესრელიზში სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შემდეგი ვიზიტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გაიმართება, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად.

XS
SM
MD
LG