Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დამნაშავედ ცნო "კაბელების საქმეზე" ბრალდებულები


სასამართლომ დამნაშავედ ცნო ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი და მათ 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, „საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტი და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.“ დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა დარბაზში შეძლო მხოლოდ ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადება. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ბრალდებულთა ახლობლების და მხარდამჭერების პროტესტი, რომლის გამოც, ბესიკ ბუგიანიშვილმა სხდომა დახურა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დახურულ კარს მიღმა დაასრულა. საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი 2014 წლის ოქტომბერში დააკავა სახელმწიფო შესყიდვისას ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG