Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ თბილისში დააკავა 10 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯება


პოლიციამ თბილისში დააკავა 10 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯება. დაკავებულები არიან ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები, რომლებმაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ცისარტყელას ფერებად შეღებეს რამდენიმე, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს შენობის, კედელი. სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს, რომ 10 პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული შენობის იერსახის დამახინჯებას. რამდენიმე დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც. ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა და მათი უფლებების დამცველებმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში მსვლელობის გამართვაზე უარი თქვეს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მიზეზით. ჰომოფობიისადმი პროტესტის ნიშნად, აქტივისტებმა ცისარტყელის ფერებად შეღებილი სკამი დატოვეს თბილისის სასტუმრო „რადისონთან,“ სადაც მიმდინარეობს მსოფლიოს მე-10 საოჯახო კონგრესი. აქტივისტებს სურდათ, სკამი გადაეცათ კონგრესის თავმჯდომარისთვის, ლევან ვასაძისთვის, თუმცა, სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

XS
SM
MD
LG