Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით


ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. ”სოლიდარობის გამოხატვისა და ძალადობის დაგმობისკენ მიმართული საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ხდება ლგბტ ადამიანების და მათი მხარდამჭერების მიმართ ძალადობის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის ადგილი“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. „მაშინ, როცა სხვადასხვა ჯგუფის მიერ დაგეგმილია არაერთი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში, სამწუხაროა, რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა, რადგან ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებით, საჯარო გამოსვლაზე უარი თქვეს უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის გამო“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას. ომბუდსმენი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციას, ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას და ლგბტ პირთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უპირობო დაცვას.

XS
SM
MD
LG