Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ითხოვს ხელფასის გაზრდას


საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ნაწილი, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სპეციალისტები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ”მასმედიაში დასაქმებულთა პირველადი პროფკავშირის” წევრებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოებრივი მაუწყებლის 83 თანამშრომელი. ისინი მოთხოვნების შესასრულებლად საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს აძლევენ 21-დღიან ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვას დაიწყებენ. „ჩვენ ვართ ისინი, ვინც ხმის ამოღება გაბედა საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებსა და განუკითხაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. მისი ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს წლების განმავლობაში არ მომატებია ხელფასი, დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს სამუშაო პირობების შექმნას და არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტები. „გვამუშავებენ მეტს, გვიხდიან ნაკლებს! ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა მაუწყებლის ბიუჯეტი ყოველწიურად იზრდება“, - ნათქვამია განცხადებაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ინფორმაციით, პრობლემების მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს მენეჯმენტს, რომელმაც მხოლოდ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა გამოიჩინა. განცხადების ხელმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში უსამართლობა, ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობაა. „მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს და სამეურვეო საბჭოს, აზრი არ აქვს ჩვენ დაშინებას, დაშანტაჟებას და მუქარას, ან იმის ძიებას ვინ დგას ჩვენს უკან, რადგანპასუხი მარტივია, ჩვენს უკან მძიმე სოციალური პირობები და ოჯახები დგანან“, - ნათქვამია განცხადებაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანია არა მაუწყებლის საქმიანობის შეზღუდვა, არამედ სოციალური თანასწორობის აღდგენა. განცხადების ხელმომწერმა თანამშრომლებმა კოლექტიური დავის მედიაციის თხოვნით მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს.

XS
SM
MD
LG