Accessibility links

logo-print

უკრაინაში აღნიშნავენ ყირიმელი თათრების დეპორტაციის მორიგ წლისთავს


უკრაინაში 18 მაისს აღნიშნავენ სტალინის მმართველობის დროს ყირიმელი თათრების დეპორტაციის მორიგ წლისთავს. დღის 12 საათზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნას. აქცია ჩატარდა მთელ უკრაინაში, გარდა ყირიმისა, სადაც აკრძალულია დეპორტაციის წლისთავის აღნიშნვა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წლის მარტში მოახდინა ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია. უკრაინის პარლამენტმა 2015 წელს დაამტკიცა კანონი, რომელიც 18 მაისს აცხადებს ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ. ყირიმელი თათრების საბჭოს, მეჯლისის, თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვმა დღეს უკრაინის ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა ვითარებაზე ყირიმში: „ყირიმში აკრძალულია ყველა მასობრივი სამგლოვიარო შეკრება. ამას გარდა, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ ხალხის დასამცირებლად. სასამართლო სხდომა იმ ყირიმელი თათრების საქმეზე, რომლებიც ბოლოხანს დააპატიმრეს თითქოსდა ტერაქტების მზადებისათვის, დღეისთვის დაინიშნა. ანუ, ოკუპანტების სასამართლომ, რომელიც დამპყრობლებმა აამოქმედეს, განზრახ შეარჩია ეს თარიღი ყირიმელი თათრების სასამართლოში გამოსაცხადებლად მაინცდამაინც 18 მაისს“. სტალინის მმართველობის დროს, 1944 წელს, 200 ათასამდე ყირიმელი თათარი გადაასახლეს შუა აზიაში. სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი გზაში დაიღუპა.

XS
SM
MD
LG