Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყეს ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ


საქართველოში წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყეს ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვან ვალდებულებებს მოიცავს. „ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პრესის თავისუფლების კუთხით და საარჩევნო პერიოდი უმნიშვნელოვანესია იმისათვის რომ დავინახოთ, რამდენად შორს წავიდა ამ რეფორმების შედეგები“, - განაცხადა ელჩმა, იანოშ ჰერმანმა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის შესაფასებლად ლაკმუსის ქაღალდია და მნიშვნელოვანია არსებობდეს ნათელი სურათი, თუ როგორ ფუნქციონირებს მასმედია ამ პერიოდში. დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება 40-ზე მეტი ქართული მედიასაშუალება. ტელეკომპანიების მონიტორინგს განახორციელებს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,“ რადიოს მუშაობას დააკვირდება ”ინტერნიუს - საქართველო” და ბეჭდურ და ონლაინმედიას - „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი 2016 წლის მაისიდან ნოემბრამდე განხორციელდება.

XS
SM
MD
LG