Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 16 წლით პატიმრობა მიესაჯა წამყვან უფლებადამცველს


ირანის წამყვან უფლებადამცველ ქალს, ნარგეს მოჰამადის, 16 წლით მიესაჯა პატიმრობა, მათ შორის სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობის გამო. ნარგეს მოჰამადი დირექტორის მოადგილეა ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებების ცენტრი“, რომლის დამფუძნებლებს შორისაა ნობელის პრემიის ირანელი ლაურეატი, შირინ ებადი. ნარგეს მოჰამადი უკვე იხდის ექვსწლიან სასჯელს ციხეში. „ესაა შურისძიება უფლებადამცველის წინააღმდეგ, რათა ის ციხეში დატოვონ და სხვა უფლებადამცველებზე მოახდინონ ზეწოლაო“, უთხრა მოჰამადის მეუღლემ, თაღი რაჰმანიმ, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს. რაჰმანი ორ შვილთან ერთად პარიზში ცხოვრობს. მისი თქმით, 16-წლიანი სასჯელიდან 10 წელი მის მეუღლეს მიესაჯა აწ უკვე აკრძალული კამპანიის, „ნაბიჯ-ნაბიჯის“ დაარსებისთვის ირანში. ეს კამპანია სიკვდილით დასჯის გაუქმებას ისახავდა მიზნად. მაგრამ, რაჰმანის თქმით, მისი მეუღლე კამპანიის მხოლოდ წევრი იყო და არა დამაარსებელი. ამასთან, რაჰმანის თქმით, მოჰამადის ხუთი წლით მიუსაჯეს პატიმრობა „შეხვედრისთვის და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულებისთვის“, კიდევ ერთი წლით - „ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისთვის.“ რაჰმანის თქმით, ბრალდებები ეფუძნება მოჰამადის ინტერვიუებს ირანის გარეთ მოქმედ სპარსულენოვან მედიასთან და 2014 წელს თეირანში ევროკავშირის ყოფილ საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან, ქეთრინ ეშტონთან შეხვედრას. ირანის კანონებით, პირი, რომელსაც რამდენიმე მუხლით მიესაჯა პატიმრობა, ყველაზე მძიმე სასჯელს მოიხდის. ამდენად, რეალურად, მოჰამადის 10 წლით მიესაჯა საპატიმროში ყოფნა.

XS
SM
MD
LG