Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე


საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტს ქვეყნისთვის ეპოქალური მნიშვნელობის უწოდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან პროექტის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში იწყება იშვიათი, ძვირადღირებული და ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელება, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე მთელ რეგიონს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტი გახდება რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი. გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა პროექტის მთავარი კომპონენტის, ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა. „ფართო წრეებში კოლაიდერად ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ, ონკოლოგიის ადრონული თერაპიის მიმართულებით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ცენტრებთან მათ შორის, ბირთვულ კვლევათა ევროპულ ცენტრთან, ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან. „ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება, იმუშავებს ადრონული თერაპიის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაშიც“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მიზანია ტექნოლოგიური ინსტიტუტი გახდეს უმაღლესი კვალიფიკაციის, წამყვანი მეცნიერების თავშეყრის ადგილი და ამასთან, სტუდენტებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტუტის პროექტის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.

XS
SM
MD
LG