Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში დაიწყო იდომენის ბანაკიდან მიგრანტების გაყვანა


საბერძნეთში დაიწყო იდომენის ბანაკიდან მიგრანტების ეტაპობრივად გაყვანის პროცესი. საბერძნეთში მიგრანტთა ეს უდიდესი ბანაკი მაკედონიის საზღვართან მდებარეობს. პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთის, სულ ცოტა, 200-მა წევრმა დაიწყო ბანაკის მისადგომების დაბლოკვა. ბანაკში ჟურნალისტებს არ უშვებენ, თუმცა, მთავრობის პრესმდივანი გიორგოს კირიცისი აცხადებს, რომ პოლიცია ძალას არ გამოიყენებს. მისივე ინფორმაციით, ოპერაცია ერთი კვირიდან 10 დღემდე გაგრძელდება. ბანაკში 8400-მდე ადამიანია მოთავსებული. ოფიციალური პირების ცნობით, მიგრანტებს ახალ ბანაკებში გადაიყვანენ. ფინანსური კრიზისით მოცულ საბერძნეთში 54 000-მდე ლტოლვილი და მიგრანტი მოგროვდა მას შემდეგ, რაც ბალკანეთისა და ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ჩაკეტეს მასობრივი მიგრაციისაგან თავის დასაცავად. შარშან მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა ევროპაში საკუთარ ქვეყნებში ომებისა და სიღატაკისათვის თავის დასაღწევად. მიგრანტების უმრავლესობა - სირიელები, ერაყელები და ავღანელები - ნავებით ჩავიდნენ საბერძნეთში თურქეთიდან. ახლა მათ თურქეთში დეპორტაცია მოელით, საბერძნეთისაგან თავშესაფარზე უარის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG