Accessibility links

გაიმართა გიორგი კვირიკაშვილის და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის შეხვედრა. საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოს ვარშავის სამიტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალი კოსტარაკოსი მიესალმა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ. შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, საქართველოს მთავრობა ნატოს ვარშავის სამიტზე ელოდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, მათ შორის 19 მაისს, სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტი.

XS
SM
MD
LG