Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ლამბერტო ზანიერს თხოვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ჩაერთოს ეუთოს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი.თავის მხრივ, ეუთოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციის მეთვალყურეები დააკვირდებიან 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ პრინციპებთან და პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ელოდება ეუთოს დამკვირვებლებს. შეხვედრის დღის წესრიგში იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ადეკვატური რეაგირება სჭირდება 19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტს. ეუთოს გენერალურ მდივანთან დღევანდელი შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციას და ქართული მხარე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის მიმართულებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის სამზადისზეც. სესიას 1-5 ივლისს თბილისი უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG