Accessibility links

logo-print

ნადია სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა სამხედრო მფრინავს, ნადია სავჩენკოს და ის „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით დააჯილდოვა. პოროშენკოს თქმით, უკრაინა ისევე დაიბრუნებს ყირიმსა და დონბასს, როგორც ნადია სავჩენკო დაიბრუნა. ეს განცხადება პოროშენკომ გააკეთა კიევში, სადაც სავჩენკო რუსეთიდან ჩაფრინდა რუსეთისა და უკრაინის მიერ პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით. კიევის აეროპორტში შეკრებილ ხალხს - მრავალრიცხოვან ჟურნალისტებსა და მხარდამჭერებს - სავჩენკომ უთხრა, რომ კვლავ მზად არის სიცოცხლე გაწიროს თავისი ქვეყნისათვის: "თავისუფალი ვარ! მინდა ყველა დედას, ვისი შვილებიც შინ არ დაბრუნებულან, პატიება ვთხოვო იმისათვის, რომ მე ცოცხალი ვარ. მინდა ყველა დედას, ვისი შვილებიც პატიმრები არიან პატიება ვთხოვო იმისათვის, რომ მე თავისუფალი ვარ. მაგრამ მინდა გითხრათ: მართალია, დაღუპულებს ვერ დავაბრუნებ, მაგრამ მუდამ მზად ვარ, ბრძოლის ველზე კვლავ გავწირო სიცოცხლე უკრაინისათვის", - განაცხადა სავჩენკომ კიევის აეროპორტში. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა სავჩენკო ციხეში თითქმის ორი წელი ყოფნის შემდეგ. პესკოვი ამბობს ასევე, რომ მოსკოვში ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა უკრაინაში ციხიდან გამოშვებული ორი რუსი პატიმარი. სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს მარტში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს. ხოლო რუსეთის ორ მოქალაქეს - ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს - უკრაინაში 14-14 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

XS
SM
MD
LG