Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა დაიმუქრა, რომ ცეცხლს გაუხსნის სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდებს


კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა დაიმუქრა, რომ ცეცხლს გაუხსნის სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდებს, თუკი ისინი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში შევლენ. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო უწყებამ ეს განცხადება გააკეთა შაბათს. ფხენიანის თქმით, მისი არმია გაუფრთხილებლად გაუხსნის ცეცხლს სამხრეთ კორეის ნებისმიერ სამხედრო გემს, თუკი ის ორ ქვეყანას შორის საზღვაო საზღვარს 0,001 მილიმეტრზე მეტით გადაკვეთს. მანამდე სამხრეთ კორეის გემებმა გამაფრთხილებელი გასროლები გააკეთეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ორმა ხომალდმა გადაკვეთა სადავო საზღვარი ყვითელ ზღვაში. ფხენიანმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის გემსა და თევზსაჭერ ხომალდზე არ ყოფილა იარაღი და რომ ისინი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის აკვატორიაში იმყოფებოდნენ. თებერვლის დამდეგს სამხრეთ კორეის გემებმა ამავე მონაკვეთზე გახსნეს გამაფრთხილებელი ცეცხლი მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის საპატრულო კატარღამ საზღვარი გადაკვეთა. ჩრდილოეთი კორეა არ ცნობს ე.წ. „დასავლეთის გამმიჯნავ ხაზს“, რომელიც გაეროს მიერ იქნა დადგენილი 1953 წელს, კორეის ომის ბოლოს.

XS
SM
MD
LG