Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილმა ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტს


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით 14 მაისს დაამტკიცა. პრეზიდენტმა დღეს თბილისში გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ დღესვე გადაეგზავნება პარლამენტს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით. „ჩვენი თანამშრომლობის შედეგად - ბატონ პრემიერ-მინისტრთან, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსათვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე. პარლამენტს ახლა 15-დღიანი ვადა აქვს პრეზიდენტის შენიშვნების გასაზიარებლად, ან ვეტოს დასაძლევად. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი მის დაძლევაზე. კვირიკაშვილი ამ საკითხს შეეხო საფრანგეთში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. კვირიკაშვილის განმარტებით, მას ამ საკითხზე პრეზიდენტთან საუბარი ჰქონდა და შეუთანხმდა ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან. 27 მაისს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავშირებულ ცვლილებებზე და კრიტიკულად შეაფასა რამდენიმე პუნქტი, რომლებიც, კომისიის შეფასებით, საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG