Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერი „სასაცილოს“ უწოდებს გერმანიის პარლამენტში სომეხთა „გენოციდზე“ კენჭისყრას


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა „სასაცილო“ უწოდა გერმანიის პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებულ რეზოლუციას, რომლითაც გენოციდად ცნობენ პირველი მსოფლიო ომის დროის ოსმალეთის იმპერიაში სომხების ხოცვა-ჟლეტას. ილდირიმის თქმით, რეზოლუციის მიღება ზიანს მიაყენებდა ორმხრივ ურთიერთობას. გერმანელი კანონმდებლოები 2 ივნისს უყრიან კენჭს სიმბოლურ რეზოლუციას, რომელიც ეხება ერთი საუკუნის წინ ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის გაჟლეტას. „ეს კენჭისყრა სასაცილოა. ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც მოხდა 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს და (რასაც ამბობენ) ეს არ შეესაბამება სიმართლეს. იმათ, ვინც ცდილობს, თურქეთს აზღვევინოს საფასური ამისათვის, კარგი განზრახვა არ ამოძრავებთ. ჩვენ ეს ვიცით“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. ეს განცხადება ერთ დღეში მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ გამოთქმულ შეფასებას, რომ მომხდარის გენოციდად აღიარება ზიანს მიაყენებდა გერმანიასა და თურქეთს შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობას. მრავალი ისტორიკოსი გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. მაგრამ თურქეთისთვის მიუღებელია ეს შეფასება: ის აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

XS
SM
MD
LG