Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი გერმანელ პარლამენტარებს მოუწოდებს, უგულებელყონ თურქეთის გაფრთხილება


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი გერმანელ პარლამენტარებს მოუწოდებს, უგულებელყონ თურქეთის გაფრთხილება და მიიღონ რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შესახებ. გერმანიის პარლამენტში 2 ივნისს უყრიან კენჭს რეზოლუციას, რომლის დამტკიცებაც, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის აზრით, ზიანს მიაყენებდა ორმხრივე ურთიერთობას. სიმბოლური რეზოლუცია ეხება 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის გაჟლეტას. თურქეთი გადაჭრით ეწინააღმდეგება ამ, 100 წლის წინანდელი მოვლენების გენოციდად გამოცხადებას. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა 1 ივნისს „სასაცილო“ უწოდა გერმანიის პარლამენტში რეზოლუციაზე კენჭისყრას: „ეს კენჭისყრა სასაცილოა. ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც მოხდა 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს და (რასაც ამბობენ) ეს არ შეესაბამება სიმართლეს. იმათ, ვინც ცდილობს, თურქეთს აზღვევინოს საფასური ამისათვის, კარგი განზრახვა არ ამოძრავებთ. ჩვენ ეს ვიცით“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. მოსალოდნელია, რომ გერმანელი კანონმდებლები მხარს დაუჭერენ რეზოლუციას. მრავალი ისტორიკოსი გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.

XS
SM
MD
LG