Accessibility links

logo-print

არმაზ ახვლედიანი შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლებს


პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. სააგენტო ინტერპრესნიუსს არმაზ ახვლედიანმა განუცხადა, რომ მის ახლობლებს აფრთხილებენ, რომ ახვლედიანთან ურთიერთობა სახიფათოა და შესაძლოა, სამსახურში პრობლემები შეექმნათ. „ახლა ამაზე მეტს ვერ ვიტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ ვშიშობ, ადამიანებს, რომლებსაც ასეთი რამ გადახდათ თავს, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ“ - განაცხადა ახვლედიანმა. მისივე თქმით, როგორც ეუბნებიან, მსგავს ქმედებებს ახორციელებენ სუს-ის წარმომადგენლები. არმაზ ახვლედიანის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებაში აზრს ვერ ხედავს, რადგან პროკურატურა პოლიტიკური ინსტრუმენტია და სამართალთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშანი დგას. პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როცა გაამხელს, ვის და ვინ აშანტაჟებს. „ასე რომ, ვურჩევ შესაბამის სამსახურებს, დაკავდნენ ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებით და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნით” - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. მისი ბრალდება უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა. ”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორიცხავს, რომ არმაზ ახვლედიანზე, ან რომელიმე სხვა პირზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენა ან თვალთვალი“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ნინო გიორგობიანმა. მისი თქმით, თუ მსგავსი განცხადებების ავტორებს აქვთ ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს და, დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის წინაშე.

XS
SM
MD
LG