Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ალპებში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი


შვეიცარიაში ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 57-კილომეტრიანი სარკინიგზო გვირაბი, რომელიც შუა ალპებში გადის. გოტჰარდის საბაზო გვირაბის მშენებლობა 17 წელი გაგრძელდა და 12 მილიარდამდე დოლარი დაჯდა. შვეიცარიის პრეზიდენტის იოჰან შნაიდერ-ამანის თქმით, გვირაბი ერთმანეთთან დააკავშირებს ადამიანებსა და ეკონომიკებს: „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი შვეიცარიისათვის, ისევე როგორც ჩვენი მეზობლებისათვის და კონტინენტის დანარჩენი ქვეყნებისათვის. ადამიანები და ტვირთები უფრო სწრაფად შეძლებენ გადაადგილებას, ქალაქები, როგორიც არის ციურიხი, ლუგანო, მილანი, უკეთ დაუკავშირდებიან ერთმანეთს. გოტჰარდის საბაზო გვირაბით ჩვენ ერთმანეთთან დავაკავშირებთ ადამიანებსა და ეკონომიკებს. და საუკუნის ამ ნაგებობით ვაგრძელებთ წინაპართა ნოვატორული მიღწევების ტრადიციას. გოტჰარდის საბაზო გვირაბი, რომლის გახსნასაც დღეს ვზეიმობთ, ამ სახის უდიდესი ნაგებობაა მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა ახალი გვირაბის გახსნასთან დაკავშირებით. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი. მათ სიმბოლურად იმოგზაურეს პირველი მატარებლით. გოტჰარდის საბაზისო გვირაბით დღეში 260-მდე სატვირთო და 65 სამგზავრო მატარებელი ისარგებლებს. გვირაბი ემსახურება მგზავრების და ტვირთების გადაადგილების დაჩქარებას ალპებში - სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპას შორის მდებარე მთათა სისტემაში.

XS
SM
MD
LG