Accessibility links

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში მის სიტყვას აქვს ფასი და არა მის ფინანსებს


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უარყოფს მოსაზრებას, რომ, მიუხედავად ოფიციალური პოლიტიკური პოსტის დატოვებისა, ის დღემდე ინარჩუნებს გავლენის ბერკეტებს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა 2 ივნისს ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში: „ჩემი ძალაუფლება არის მხოლოდ ის, რომ ხალხი მენდობა და ხალხს აქვს ჩემზე დამოკიდებულება, როგორიც აქვს. და ჩემს სიტყვას აქვს ფასი და არა ის ფინანსები, ვთქვათ, რომელიც არანაკლები გააჩნიათ ამ გუნდს, რომლებმაც ცხრა წლის განმავლობაში, რაც კი იწარმოებოდა საქართველოში, ერთ გუნდში გადაინაწილეს“, - განაცხადა ივანიშვილმა პირველ ინტერვიუში 30 მაისს მისი მორიგი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენი რადიოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტის, სალომე ასათიანის გადაცემა "ინტერVIEW"-ს მსვლელობაში, ივანიშვილმა რამდენჯერმე იკითხა, წაკითხული აქვს თუ არა ჟურნალისტს მისი ღია წერილი:

რადიო თავისუფლება: "ყველა საერთაშორისო ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ძალიან რთული პრობლემებია უმცირესობების დაცვის თვალსაზრისით, სამუშაო უფლებების დაცვის თვალსაზრისით..."

ბიძინა ივანიშვილი: "სად წაიკითხეთ ეს? თქვენ ნახეთ, წერილში აღწერილი რომ მაქვს მე..."

რადიო თავისუფლება: "წერილში ვნახე, რა თქმა უნდა".

ბიძინა ივანიშვილი: "რომელი კვლევა გაქვთ თქვენ საერთაშორისო ორგანიზაციის მოტანილი?"

რადიო თავისუფლება: "იქნება ეს „ამნესტი“ ... „საერთაშორისო ამნისტია“ იქნება ეს, „ფრიდომ ჰაუსი“ იქნება - ძალიან ბევრი."

ბიძინა ივანიშვილი: "მერე აღწერები, მე რომ მაქვს აღწერები და სულ სხვაა მონაცემები?"

რადიო თავისუფლება: "იქნება ეს ომბუდსმენი, რომელიც ძალიან ხშირად საუბრობს უმცირესობების უფლებების დარღვევაზე... თქვენ როგორ გესახებათ საქართველო, რომელიც ეჯიბრება ევროპის ქვეყნებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?"

ბიძინა ივანიშვილი: "საოცრებაა! საოცარია პირდაპირ... წერილი წაკითხული გაქვთ?“

გადაცემა "ინტერVIEW"-ს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან საუბრის სრული ვერსია 2 ივნისს, თბილისის დროით 20:40 საათზე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

XS
SM
MD
LG