Accessibility links

დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დააფუძნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დააფუძნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, სახელწოდებით „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის.“ მისი წევრები არიან კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი წევრი დავით ფაცაცია და პოლიციის მიერ 2004 წელს, თბილისში მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი. თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თანამშრომლობა შესთავაზა ბიზნესმენ ლევან ვაძაძეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. „ეროვნულ საკითხებში ჩვენი ხედვები ემთხვევა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის, ამიტომ მივესალმები, თუ თანამშრომლობა შედგება”, - განაცხადა მეჭიაურმა. მისივე თქმით, ახალი პარტია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მთავარ მიზნებად ისახავს სამართლიანობის აღდგენას, ქვეყნის გაერთიანებას და ტრადიციების შენარჩუნებას. „ვიქნებით ამ ხელისუფლების ოპოზიცია ქვეყნის საგარეო კურსთან და სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით“- განაცხადა მეჭიაურმა. მან აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი პრინციპია არ იყოს დამოკიდებული ჩარევაზე არც დასავლეთიდან და არც ჩრდილოეთიდან.

XS
SM
MD
LG