Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პრეზიდენტი: აქტობეში თავდასხმები უცხოეთიდან იყო ორგანიზებული


ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, გასული კვირის მიწურულს აქტობეში მოწყობილი თავდასხმები ორგანიზებული იყო „რადიკალური, ფსევდორელიგიური მოძღვრების“ მიმდევრების მიერ, რომლებიც უცხოეთიდან იღებდნენ ინსტრუქციებს. 8 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტი პირობას დებს, რომ უმკაცრეს ზომებს მიმართავს „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ წინააღმდეგ. ამასთან, ნაზარბაევი, მისივე თქმით, თავდასხმებში ხედავს „ფერადი რევოლუციების“ ნიშნებს. ამით ყაზახმა ლიდერმა მიანიშნა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, სადაც დემონსტრაციების შედეგად მმართველი რეჟიმები დაემხო. ყაზახი ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ ყაზახეთში მდებარე აქტობეში 5 ივნისს მოეწყო შეიარაღებული პირების, სავარაუდოდ, კოორდინირებული თავდასხმები იარაღის საცავებზე, პოლიციაზე, და ეროვნული გვარდიის ობიექტზე. დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 13 სავარაუდო თავდამსხმელი. დაჭრილია ათობით ადამიანი.

XS
SM
MD
LG