Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი და მარგველაშვილი იმედოვნებენ, რომ მალე დასრულდება ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი


საქართველოსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი იმედოვნებენ, რომ მალე დასრულდება საქართველოსათვის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის ცნობით, ამ თემაზე ისაუბრეს ბრიუსელში ტუსკის და მარგველაშვილის შეხვედრის დროს. ხოლო შეხვედრის შემდეგ გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც ტუსკმა განაცხადა: „განვიხილეთ უვიზო რეჟიმისაკენ საქართველოს სწრაფვის საკითხი. როგორც ცნობილია, შარშან დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა დადებითი საბოლოო გადაწყვეტილებისათვის, რომელიც, მჯერა, მალე იქნება მიღებული. კომისიის წინადადებას, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება, ამჟამად განიხილავენ ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტში“. იუწყებიან აგრეთვე, რომ დონალდ ტუსკისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. ტუსკმა „შემაშფოთებელი“ უწოდა ბოლოდროინდელ ცნობებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და პარლამენტარებზე ძალადობის შესახებ. ტუსკის შეფასებით, ეს არჩევნები იქნება „მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიის სიძლიერისა და მდგრადობისათვის“. ტუსკის განცხადებით, მან მარგველაშვილს დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

XS
SM
MD
LG