Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე: ნატოს გაფართოება მნიშნელოვანი თავად ალიანსისთვისაც


აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ის სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ნატოს გაფართოების და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. „საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ, რადგან გვჯერა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენთვის უაღრესად ღირებულ ფასეულობებს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოების გარანტია“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება მნიშნელოვანი პროცესია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ, არამედ თავად ალიანსისთვის, რადგან გაფართოების პროცესი უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დამკვიდრებას. "ნატოში საქართველოს გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანებას მივიჩნევთ ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესად“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და რეგიონულ მოდელად იქცა ინსტიტუციური რეფორმების თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ყველასათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და რეფორმები არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ კონკრეტული შედეგით სრულდება. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG